↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

დედა პარასკევა: „სასწაული სვეტიცხოველში უამრავმა ადამიანმა გადაიღო“

გუშინ, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვის თვითმხილველი უამრავი ადამიანი გახდა. მოვლენა, რომელიც უკვე მოინათლა სასწაულად და რომელზეც უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, მირონის ხარშვის დროს მოხდა. ასეულობით ღამისმთეველი მრევლის თვალწინ ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე უეცრად წმინდა ნიკოლოზის გამოსახულება გამოჩნდა. გამოცხადებაზე სასაუბროდ „პრესა. ჯი“ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ დედა პარასკევას დაუკავშირდა:

გაზიარება
[ლაშა ბერულავა. 04:19 23-04-2011]

– დედაო, სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვამ უკვე დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია...

– რა თქმა უნდა, დიდი მადლისა და წმინდა ნიკოლოზის მფარველობის ნიშანია ის, რაც მოხდა, მაგრამ გეტყვით, რომ სასულიერო სფეროში ასე თუ ისე, ღრმად ჩახედული პირისთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ასეთი გამოცხადებები ჩვეულებრივი მოვლენაა, არამედ მინდა, მირონის ხარშვის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მირონის ხარშვის დროს იქ წმინდანები ტრიალებენ. ალბათ, გუშინ ღამითაც ბევრნი იყვნენ, ხალხთან გამოჩენა კი წმინდა ნიკოლოზმა ინება...

– დედაო, ადრე თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევები?

– მე მამა გაბრიელისგან არაერთხელ მსმენია, რომ ყოფილა. ასე მაგალითად, 16 წლის წინ, როცა სვეტიცხოველში ასევე მირონი იხარშებოდა, კედელზე მცირე ხნით რამდენიმე წმინდანი გამოჩნდა. მირონის ხარშვა უდიდესი მადლის მქონე რიტუალია და არ არის გასაკვირი, რომ ამ რიტუალს წმინდანები ესწრებიან...

– მაგრამ სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მასობრივი ჰალუცინაცია ან ფსიქოზი იყო და არა გამოცხადება...

– ღმერთმა შეუნდოს, თუ ასე ამბობენ... ამაში ეჭვის შეტანა როგორ შეიძლება, უამრავი ადამიანია თვითმხილველი, როგორ შეიძლება ყველას ერთდროულად ჰალუცინაცია დაეწყოს? სხვათა შორის, უამრავმა ადამიანმა მოახერხა ამ გამოცხადების გადაღება: ზოგმა მობილურ ტელეფონზეც გადაიღო და ეს კადრები, ალბათ, გავრცელდება. მერე, ალბათ, არავის შეეპარება ეჭვი.

– დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს გამოცხადება?

–ნახევარ საათზე მეტს. ხალხი იდგა და ლოცულობდა, თავდაპირველად წმინდა ნიკოლოზის გამოჩენა იმდენად დიდი მოულოდნელობა იყო, რომ ზოგიერთი შეუძლოდ გახდა. მრევლზე ვსაუბრობ, თორემ მირონის ხარშვის რიტუალი არ შეფერხებულა – სასულიერო პირებმა სარიტუალო მოქმედება გააგრძელეს...

– რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი გამოცხადება აღდგომამდე ორი დღით ადრე?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და იმის ნიშანია, რომ მხოლოდ ლოცვა და ერთად დგომა, ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს. წმინდა ნიკოლოზი ხომ კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა ჰყო ქრისტემ ეკლესიისთვის და მორწმუნეებისთვის. შინაგანად გავძლიერდეთ და მივენდოთ უფალს, ყველაფერი კარგად იქნება. მამა გაბრიელიც ხომ სწორედ ამას გვინერგავდა: ერთმანეთისა და ღვთის სიყვარულს...
presa.ge

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ