↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

რუსებმა ,,ფეოლა’’ მოგვპარეს?

საავტორო უფლებების დარღვევის პრობლემა, საქართველოში დღემდე არსებობს. ამგვარ ფაქტს, არაერთხელ ჰქონია ადგილი, თუმცა ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, ოკუპირებული საქართველოსთვის მხატვრული ფილმის მოპარვის ფაქტი იშვიათობაა. სწორედ ამას აქვს ადგილი, როდესაც წულაძის ფილმის ,,ფეოლას’’ სცენარით, მოსკოვში ახალი კომედიური ფილმი ,ვიკრუტასები’’ გადაიღეს.

გაზიარება
[16:26 01-03-2011]

,,ვიკრუტასების’’ რეჟისორი, ლევა გაბრიაძე ცნობილი მწერლისა და სცენარისტის, რეზო გაბრიაძის შვილია. ის 90-იანი წლებიდან ამერიკაში მოღვაწეობს და ტიმურ ბეკმამბეტოვთან ერთად, კინოკომპანია ,,ბაზელევსს’’ ხელმძღვანელობს.

შესაძლოა ლევან გაბრიაძის ,,ვიკრუტასებმა“ კინოთეატრების ნაცვლად, სასამართლოში გადაინაცვლოს. მიზეზი ქართული მხატვრული ფილმის, ,,ფეოლასა’’ და ,,ვიკრუტასების’’ სცენარის იდენტურობაა.

ლევან გაბრიაძეს, ,,ფეოლას’’ ერთ ერთი სცენარისტის გიორგი (გოგი) ჩარკვიანის შვილი, ნესტან ჩარკვიანი ედავება. ჩარკვიანი ამბობს, რომ გაბრიაძემ ,,ფეოლას’’ სცენარი მოიპარა, თან ისე, რომ ეს ქართული ფილმის სცენარისტებთან და მათ მემკვიდრეებთან არ შეუთანხმებია. ,,მამაჩემი გარდაცვლილია, რომელიც ,,ფეოლას’’ ერთერთი სცენარისტი იყო. ამის გამო, ეტყობა გაბრიაძემ ჩათვალა, რომ მოდავე სცენარზე არავინ ეყოლებოდა, თუმცა ეს ასე არ არის’’–ამბობს ნესტან ჩარკვიანი.

ჩარკვიანს ეჭვს ლევან გაბრიაძესთან 2006 წლის მიმოწერა უღრმავებს. როგორც „ფეოლას’’ სცენარისტის შვილი ამბობს, გაბრიაძემ ინტერნეტის საშუალებით გაუგზავნა შეტყობინება მას, სადაც გამოთქვამდა სურვილს ,,ფეოლას’’ მსგავსი, ახალი კომედიური ფილმის გადაღების შესახებ. ქართული მხატვრული ფილმის სცენარის გამოყენებაზე, გაბრიაძეს მიმოწერაში არაფერი უთქვამს. ამის შემდეგ ჩარკვიანსა და გაბრიაძეს შორის ელექტრონული კავშირი აღარ ყოფილა.

ლევან გაბრიაძე კი თავს იმით იმართლებს, რომ მის ფილმში ,,ვიკრუტასები’’ წამყვანი ხაზი სიყვარულია. ის, ვინც ახალი ფილმის სცენარს იცნობს, ადვილად აღმოაჩენს მსგავსებას ხანისკისა და იპოლიტე ხვიჩიას გმირებს შორის. ფილმის სცენარის მიხედვით, ისტორია საფეხბურთო მწრთვნელს ეხება. მას ზუსტად ისეთი ისტორია გდახდება, როგორიც იპოლიტე ხვიჩიას გმირს ,,ფეოლაში ‘’ გადახდა.

1970 წელს გადაღებული, ქართული მხატვრული ფილმის სცენარის ავტორები გოგი ჩარკვიანი და რეზო გაბრიაძე არიან, დამდგმელი რეჟისორი კი ბაადურ წულაძეა. ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი ქართული მხატვრული ფილმის ფაბულა ასეთია.

სახლმმართველობის თანამშრომელ ბონდოს, უბნის მოზარდ ფეხბურთელთა გუნდის შექმნას ავალებენ. ბონდო დავალებას უგულოდ ეკიდება. ცდილობს, გუნდი პირველივე შეჯიბრში დამარცხდეს, რომ ამ საქმისგან გაათავისუფლონ, მაგრამ ბავშვები ზედიზედ იმარჯვებენ.

ბონდო გუნდისთვის თავს აღარ ზოგავს, ბიჭები მას "ფეოლას" შეარქმევენ. ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდს საფრანგეთში გზავნიან ჩემპიონატზე. ფეოლას ნაცვლად ბიჭებს პროფესიონალ მწრთვნელს გააყოლებენ.

გაბრიაძე მომჩივანის გამოჩენის შემდეგ აცხადებს, რომ მის ფილმში მთავარი სიყვარულის ხაზია. ,,ფილმი „ვიკრუტასები” პროვინციელი მასწავლებლის სლავა კოლოტილოვისა (კონსტანტინ ხაბენსკი) და მოსკოველი ლამაზმანის ნადიას (მილა იოვოვიჩი) სიყვარულზეა. „ვიკრუტასები” რომანტიკული კინოკომედიაა იმის შესახებ, თუ როგორ იბრძვის ორი მამაკაცი ერთი ქალის სიყვარულისთვის და ამ ბრძოლაში მათ უამრავი ფათერაკის გადატანა და ბარიერის გადალახვა უწევთ’’–აცხადებს ფილმის რეჟისორი.

თუმცა, სანამ გაბრიაძეს მომჩივანი გამოუჩნდებოდა აცხადებდა: ,,ფილმი ეხება მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტს, ფეხბურთს, თან თხრობა მიმდინარეობს კომედიურ ჟანრში და სპეცეფექტების თანხლებით’’. წარმოუდგენელია ვინმეს ფილმის სცენარის ამ აღწრაზე, ,,ფეოლა“ არ გაახსენდეს. ლევან გაბრიაძემ ფილმი, მხოლოდ რეზო გაბრიაძის სცენარით გადაიღო. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე აცხადებს.

ბაადურ წულაძე, რომელიც ,,ფეოლას’’ რეჟისორია, ამბობს, რომ ლევან გაბრიაძე მას დაუკავშირდა და სთხოვა მიეღო თანხმობა ,,ფეოლას’’ მსგავსი ახალი კომედიური ფილმის გადასაღებად. წულაძე გაბრიაძის წინადადებას დათანხმდა. თუმცა ბუნებრივია, რომ,,ფეოლას’’ მხოლოდ ერთი შემქმნელი არ ჰყავს და ფილმის შექმნაში სხვა ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა.

კანონიერად, მემკვიდრეს უფლება აქვს იდავოს სასამართლოში იმის გამო, რომ დაირღვა საავტორო უფლებები. თუკი სასამართლომდე მივა საქმე, ჩარკვიანს გაბრიაძესთან შედარებით უპირატესობა აქვს, საქმის წარმოება თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს, რადგან ,,ვიკრუტასები’’, რომ ,,ფეოლას’’ ახალი რიმეიქია, ამას ყველა ერთხმად აღიარებს.

presa.ge

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ