↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

მონიკა ბელუჩი - მალენაც და მარიამ მაგდალინელიც

"ლამაზი ქალის დანახვისას, ხალხი ფიქრობს, რომ ის აუცილებლად სულელი უნდა იყოს. 15-16 წლის ასაკში სულ ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ ჭკვიანი ვარ. ახლა კი ნაკლებად მადარდებს მსგავსი განწყობა და შეფასება. თუ გინდათ, ასე იფიქროთ ჩემზე, ეს თქვენი პრობლემაა", - ამბობს მონიკა ბელუჩი.

გაზიარება
[19:22 01-03-2011]

წარმოიდგინეთ XX საუკუნის მეორე ნახევრის ტიპური იტალიური ქალაქი: ვიწრო ქუჩებით, ხმაურიანი ბაზრით, მორთული აივნებით, ხალხმრავალი მოედნით, ბევრი ველოსიპედითა და ხმამაღალი გადაძახილებით, გამოწკეპილად ჩაცმული მამაკაცებითა და მონარნარე ქალბატონებით. ასეთი ქალაქის წარმოდგენისას მყისიერად იტალიური კინემატოგრაფის რეტროკლასიკა მახსენდება - მზით დამწვარი სახეებითა და სამხრეთული ტემპერამენტით. და კიდევ ერთი - ჯუზეპე ტორნატორეს ფილმი-მოგონება "მალენა".

2000 წელს გადაღებულმა ნამუშევარმა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო "დავიდ დონატელო" მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის, ლეგენდარული ენიო მორიკონეს მუსიკა კი კიდევ ერთხელ აღიარეს კინოკრიტიკოსებმა. "ოსკარზე" ორი, ბრიტანული კინოაკადემიის ერთი და "ოქროს გლობუსის" ნომინაცია "საუკეთესო უცხოური ფილმისთვის".

სტატისტიკა შორს... და ყველაზე მეტად მაყურებელს გულს პატარა რენატოს პირველი სიყვარული უჩუყებს: მალენა მისი ცხოვრების ბედისწერაა. სიმბოლურია ის დღე, როცა რენატოს მამამ ველოსიპედი უყიდა - სწორედ იმ დღეს დაიწყო მეორე მსოფლიო ომიც და პირველად ნახა მალენა... ფილმის შინაარსის თხრობა საჭიროებას არ წარმოადგენს, უბრალოდ ხაზი პატარა ქალაქის მაცხოვრებლების საქციელს მინდა გავუსვა: გაუთავებელი ჭორების კორიანტელში შურით სავსე ქალებმა და ვნებით შეპყრობილმა მამაკაცებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მალენას მეძავობა დაეწყო.

და შედეგიც არ აყოვნებს: მალენა სხეულს ჰყიდის... თუმცა აქაც განსხვავებულია: სარეცელს არა ქალაქელებთან, არამედ ნაცისტებთან იყოფს - ვერაფერს იტყვი, გარემოსადმი პროტესტის სრულიად განსხვავებული ფორმაა...

საოცარი კი ფილმის ფინალია: ღირსებით და მეუღლის გვერდით მიმავალი მალენა ყველას ყველაფერს პატიობს, მშვენიერება ხომ ასეთი მიმტევებელია...

"მალენა" ჯუზეპე ტორნატორესა და მონიკა ბელუჩისთვისაც ავტობიოგრაფიული ფილმია: კლასიკოსმა რეჟისორმა, რომელიც მუდამ წარსულში იხედება, ფილმი მამას მიუძღვნა და ნაცისტებისადმი ზიზღი ამგვარად გამოხატა.

მონიკას ცხოვრებისეული თავგადასავალი "მალენაში" შეიძლება აღმოვაჩინოთ: პატარა ქალაქ ჩიტადი-კასტელოში დაბადებული მომავალი მსახიობი ბავშვობიდან პროვინციელების ყურადღების ცენტრში იყო. მიუხედავად ოჯახის ხელმოკლეობისა, მონიკას არაფერი დაჰკლებია: სილამაზესთან ერთად გოგონას გონიერება და სწავლის სურვილი დაჰყვა და ამიტომაც სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გადაწყვიტა.

უნივერსიტეტის ლექციებს პერუჯის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანობასაც უთავსებდა, თუმცა დროებით. რესტორნის მეპატრონემ ბელუჩი სამსახურიდან დაითხოვა: მამაკაცები შენს დანახვაზე თავს ვერ იკავებენ, ცოლები კი ჩემთან ჩივიანო: "ჩემო კარგო, შენი საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ ყველასთვის აჯობებს, ჩემთან აღარ იმუშავო", - ასე გამოისტუმრა რესტორნიდან.

ადამინური ვნებისა და შურის მიუხედავად, მონიკას ბედი აშკარად სწყალობდა: 21 წლის ასაკში მომავალი მსახიობი მილანში ყველაზე პრესტიჟულ სამოდელო სააგენტო "ელიტში" მიიწვიეს. სულ მცირე დროში ბელუჩი დოლჩე და გაბანას სახე გახდა, არმანიმ და ვალენტინომ კი მასზე "ნადირობა" გამოაცხადეს.

მონიკას კინონათლიად თავისუფლად შეიძლება უხუცესი რეჟისორი დინო რიზი ("ქალის სურნელის" შემქნელი) მივიჩნიოთ. ერთ-ერთი ჟურნალის ყდაზე ნანახმა ფოტომ კი ლეგენდარული ფრენსის ფორდ კოპოლას ნათესავი აღაფრთოვანა და კინოკლასიკოსს მისი გადაღება ურჩია: შედეგად კი 1992 წელს ბელუჩიმ კოპოლასეულ "დრაკულაში" ეპიზოდური როლი შეასრულა. "მე ხომ კარგად ვიცი, რომ ფილმში მხოლოდ ჩემი სილამაზის გამო მიმიწვიეს", - იხსენებს უკვე აღიარებული მსახიობი.

შემდეგ იყო საფრანგეთი, ფილმი "ბინა", სადაც ცნობილ ვინსენტ კასელთან ითამაშა. გადასაღებ მოედანზე დაწყებულმა რომანმა შეცვალა მონიკას პირადი და პროფესიული ცხოვრებაც: უკვე მეუღლესთან ერთად გადაღებულმა როლმა "დობერმანში" იტალიელ გოგონას ევროპაში სახელი მოუხვეჭა, არაფერს ვამბობ, კინოპროექტ ”ასტერიქსსა და ობელიქსში” კლეოპატრას როლზე...

ბებერ ევროპას არც ჰოლივუდი ჩამორჩა და "მატრიცაში" შესრულებულმა როლმა მონიკა ბელუჩის მსოფლიო აღიარება მოუპოვა... მისი ფილმოგრაფიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...

მონიკას მეორე სოფი ლორენს ეძახიან და მართლაც, ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო ამ ქალბატონებს წარმომავლობის გარდა: ლორენიც სილამაზის კონკურსზე აღმოაჩინეს რეჟისორებმა, მონიკაც სამოდელო კარიერიდან მოხვდა კინოში; სოფიმ ბოლოს და ბოლოს შეძლო იმის დამტკიცება, რომ შესანიშნავი გარეგნობის გარდა, ფანტასტიკური მსახიობიცაა, მონიკაც წარმატებით არწმუნებს ყველას, რომ მისთვის, როგორც მსახიობისთვის, საზღვრები არ არსებობს.

ბევრი კი იზაბელ აჯანისა და მონიკა ბელუჩის მსგავსებაზეც საუბრობს: ვნებისა და სიყვარულის გამოხატვას ეკრანზე ორივე უნიკალურად ახერხებს... და კიდევ, მონიკას აქვს ის, რაც გამოარჩევს ევროპელ მსახიობებს ამერიკელებისგან: ის თითქმის არასდროს ამბობს უარს შიშვლად გადაღებაზე... ის ხომ მოვლენაა, რომელსაც ერთნაირი გამომსხველობით შეუძლია "მალენაში" შეასრულოს მეძავისა და მელ გიბსონისეული მარიამ მაგდალინელის როლი?! და მართლაც, ვის უნდა გამოეხატა სინანულში ღამენათევი ყოფილი მეძავის სულიერი მდგომარეობა ისე, როგროც ეს მონიკა ბელუჩიმ შეძლო?!

მოამზადა მალხაზ ჭკადუამ

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ