↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

გიორგი შენგელაია: ვინ არის ბადრი ბიწაძე, საიდან მოეთრა? ,,გრეჩიხას’’ ადგილას, მეც მასე მოვიქცეოდი

საქართველოში, ხელოვანები პოლიტიკური აქტიურობით ყოველთვის გამოირჩეოდნენ და გამონაკლისი არც დღევანდელი მდგომარეობაა. ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრება’’, პოლიტიკური სუბიექტების გარდა, ხელოვანებსაც აერთიანებს, თუმცა მათ რიგებში არ არის რეჟისორი გიორგი შენგელაია. რეჟისორი, ქვეყნის უახლეს პოლიტიკურ ამბებს ეხმაურება და ამბობს, რომ ბადრი ბიწაძე თუ ლევან გაჩეჩილაძემ სცემდა, „ესე იგი გასალახი იყო“.

გაზიარება
[შორენა გოგოლაძე. 11:19 02-04-2011]

,,მე არასდროს დავდგები იმ ხალხის გვერდით, ვისაც ყალბი სვანური და ხევსურული ქუდი ახურავს. ესაა პროვინციული ინტელიგენციის გაერთიანება’’–ამბობს რეჟისორი სახალხო კრების ხელოვან წევრებზე. ,,პრესა.ჯი’’ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ესაუბრა.

– არაერთ საპროტესტო აქციაზე ყოფილხართ და ღიად უჭერდით მხარს ქვეყანაში რევოლუციას, ახლაც ასე თვლით?

– გეთანხმებით. დიდი გამოცდილება მაქვს აქციების, მაგრამ ახლა ველოდები არჩევნებს. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. საარჩევნო ყუთთან უნდა გაანძრიოს ხალხმა ტვინი და არა რუსთაველის გამზირზე, მიტინგის დროს. არ გვინდა რევოლუცია, ეს არის დამღუპველი. უნდა დაველოდოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ეს უმრავლესობა – დიდი ჭირი რომ გვყავს, უნდა მოვიშოროთ.

– რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება ჩაანაცვლოს საკუთარი კადრებით უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში?

– მეტნაკლებად გვყავს წესიერი ხალხი ოპოზიციაში.

– თქვენ ღიად უჭერთ მხარს ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც რევოლუციონერთა რიგებში მოწინავე პოზიციაზეა...

– მე არ ვხვდები მაგათ და არ ვიცი რას ფიქრობენ. გეუბნებით, რომ რევოლუცია მოგვიტანს ტრაგედიას ქვეყანაში. ყველაფერი შედარებითია, ,,გრეჩიხაზე’’ უარესია ბურჯანაძე–ბიწაძის დუეტი.

– ,,სახალხო კრებაში’’ ბევრი თქვენი კოლეგაა, რეჟისორი გიორგი შენგელაია კი მათ რიგებში არ ჩანხართ, რატომ?

– იმიტომ, რომ მე არ ვარ სახალხო კრების წევრი.

– რატომ?

– ძალიან არეული კამანდაა ეგა. ქვეყანა ხალხია, ზოგს ყალბი სვანური ქუდი ახურავს, ზოგს ყალბი ხევსურული ქუდი. ეგ არ არის ინტელიგენცია. ეგ არის პროვინციული ინტელიგენცია. მე არ წავედი მაგათათან , რადგან მაგათ გვერდით დგომა, ჩემთვის სირცხვილია.

– შემოთავაზება თუ გქონდათ?

– რა თქმა უნდა მქონდა. მაგრამ რატომ გადავიკიდო ნახევარი საქართველო? ვინც ღინღლია, მე იმათ გვერდით არ დავდგები. გარდა ამისა, ბურჯანაძე გამოჩნდა. სადაც ბურჯანაძეა, მე იქ არ ვიქნები. მეტსაც გეტყვით, 2009 წელს, როცა დაუძახეს ბურჯანაძეს მიტინგებზე, მე მაგ ქალს გამარჯობასაც კი არ ვეუბნებოდი. გაჭირვებული ხალხის წინ, რომ გამოდის ქალი, ლაპარაკობს გაჭირვებაზე, დემოკრატიაზე და ხელზე ბრილიანტები აქვს ასხმული, მე ეგეთ ხალხს არ ვესალმები. უნდა გეცვას ისე, როგორც შენი ქვეყნის ხალხს აცვია, უნდა ილაპარაკო ისე, როგორც ლაპარაკობს ერი. ანუ მშიერი, მწყურვალი, დახეულ–დაგლეჯილი.

– რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძისა და ბადრი ბიწაძის დაპირისპირებას, რატომ მივიდა საქმე ფიზიკურ ანგარიშწორებამდე?

– ვინ არის ბადრი ბიწაძე, საიდან მოეთრა? ,,გრეჩიხას’’ ადგილას მეც მასე მოვიქცეოდი. მე გრეჩიხას ვუჭერ ბოლომდე მხარს, რადგან ვაკელი კაცია. ახია მაგაზე თუ მოხვდა. მე რომ იქ ვყოფილიყავი, მეც მივაყოლებდი ერთი, ორს.

– რატომ?

– ჩემნაირი კულტურის კაცისთვის, ბიწაძე არ არსებობს. არც მაგის ცოლი, ბრილიანტებით, რომ გამოდის მიტინგზე და ხალხის წინაშე დგება. ეგეთი ხალხი პოლიტიკაში, საერთოდ არ უნდა იყოს. წარმატების მოლოდინში ტყუილად ხარჯავენ ფულს. რაც ანზორამ მოაგროვა კორუფციით, ახლა მისი შვილი და სიძე ხარჯავს გამარჯვების იმედით, მარა მეტი არაა, ჩემი მტერი...
presa.ge


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ