↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

ამერიკული დაზვერვა სააკაშვილის გაპრემიერებაში თითქმის დარწმუნებულია

ვაშინგტონი 2013 წელს საქართველოში, ხოლო 2011-2012 წლებში რუსეთის ხელისუფლებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის . აშშ-ის სენატის ვებ-გვერდზე www.cenate.gov-ზე აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

გაზიარება
[21:38 18-02-2011]

ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეიმს კლაპერი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 16 თებერვალს წარსდგა. "აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტისთვის წარდგენილი მოხსენების თავში "კავკასია და ცენტრალური აზია" საუბარია, რომ მართალია მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სამომავლო გეგმებს არ განსაზღვრავს, მაგრამ ახალი კონსტიტუციით მისთვის ხელმისაწვდომია ყველა პარამეტრი, რომელიც მას 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს, ამჯერად პრემიერ-მინისტრის რანგში", - ნათქვამია ანგარიშში.

მოხსენებაში ცალკე თავი ეთმობა რუსეთს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერთა რეიტინგის ზრდის ტემპი დაბალია და მმართველი პოლიტიკური სისტემა საკმაოდ მყარია. ამიტომ არც სათათბიროს 2011 წლის და არც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას რუსეთში რამე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტობას ან დიმიტრი მედვედევი შეინარჩუნებს, ან ამ პოსტს ისევ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს.

"კავკასიის მოუგვარებელი კონფლიქტები და ცენტრალური აზიის ზოგიერთი სახელმწიფოს სიმყიფე რეგიონში ახალი ცხელი კერებისთვის საფუძველს ქმნის. მოსკოვის გახანგრძლივებული სამხედრო ყოფნა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ეკონომიკური კავშირები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არსებული სტატუს-კვოთი უკმაყოფილოა, დაძაბულობის საფუძველს ქმნის", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მცდელობა, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებთან ერთობლივად იმოქმედოს, ამ დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2011 წელს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ კვლავ რჩება აშშ-ის მთავარ გამოწვევად. საუბარია ირანის მიერ გაერო-ს მოთხოვნების იგნორირებაზე და იმაზე, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას. დოკუმენტის თანახმად, აღმოსავლეთ აზიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ფხენიანის ხელთ არსებული ბირთვული იარაღი და სარაკეტო პროგრამები. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებია დასახელებული.

ipn.ge

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ